|
რას ნიშნავს ტოტალური თავდაცვა?
ანდრო ბარნოვი: ტოტალური თავდაცვა ნიშნავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ხელში არსებული ყველა რესურსის გაერთიანებას ამა თუ იმ საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად.
საქართველო არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი და დიდი ნაცია რომ კონვენციური საშუალებებით დაუპირისპირდეს რომელიღაც დიდ სახელმწიფოს, ამიტომ გამოსავალი არის ისეთი სისტემების ჩამოყალიბება სადაც თავისი როლი და პასუხისმგებლობა ექნება პრაქტიკულად თითოეულ მოქალაქეს.
თორნიკე შარაშენიძე: ამ სისტემის დანერგვას სერიოზული მუშაობა სჭირდება. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რატომ არის საჭირო ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოს თუ მოუწევს ომი, მოუწევს ისევ რუსეთთან, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. საქართველო უნდა იყოს მზად, რომ არ განიცადოს იგივე დანაკარგები, რაც განიცადა ორი წლის წინ. პირველ რიგში საჭიროა ცნობიერებაში ჩამოყალიბდეს მოთხოვნილება რომ ერმა იომოს და თავი დაიცვას.
როცა თბილისი აღების საფრთხის წინაშე იდგა 2008 წლის აგვისტოში, ძალიან ბევრი გაიქცა თბილისიდან. როგორც ამბობენ, მათ შორის ჩინოვნიკებიც იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად თავდაცვისთვის.
როცა პატარა ერი ომობს მან უნდა იომოს მთელი ძალით, რათა არ განიცადოს დიდი დანაკარგი. ის დანაკარგი რომელიც საქართველომ გამოცადა ორი წლის წინ შეიძლება დიდი ხანი ვერ ავინაზღაუროთ.
ტოტალური თავდაცვის სისტემის დანერგვის სირთულეები საქართველოში
ანდრო ბარნოვი: მთავარი სიძნელე არის ჩვენივე მენტალიტეტი და მოსახლეობის მზაობა იმისათვის, რომ ეს სისტემა მიიღოს.
ბევრისგან მსმენია, რომ ამ სისტემაზე შეიძლება დავა, თუმცა მე ეს არ მესმის და მიმაჩნია რომ დროის დაკარგვა ამ სისტემის დანერგვის გზაზე არის დაუშვებელი.
როცა ვამბობთ, რომ საზოგადოებაშია ძირითადი პრობლემა, მაშინვე ვხვდებით, რომ გამოსავალი არის ორი მიმართულება - ორგანიზება და განათლება.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ ნასწავლი გაკვეთილები
თორნიკე შარაშენიძე: გაკვეთილები გამოტანილია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი რეფორმა გატარდა თავდაცვის სისტემაში, შეიარაღებულ ძალებში ომის შემდეგ.
თბილისი გამაგრებულია სერიოზულად. როგორც ჩანს, გათვლა გაკეთებულია იმაზე, რომ თუ იქნება ახალი აგრესია, ჩვენ შევძლოთ რამდენიმე დღით მაინც შევაკავოთ თბილისთან აგრესორი. ამით მივაყენოთ მას სერიოზული მატერიალური ზარალი და ჩავაგდოთ სერიოზულ დიპლომატიურ იზოლაციაში.
პოტენციური აგრესორი, ამ ვითარებაში რუსეთი, უფრო ფრთხილად იქნება, როცა ეცოდინება, რომ საქართველო ემზადება ტოტალური ომისთვის, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სროლა და ყველა შენობაში, ყველა ქუჩაზე მას ელოდება სერიოზული წინააღმდეგობა.
სამხედრო ხარჯების დინამიკა
ანდრო ბარნოვი: ნატოს სტანდარტი რომ ავიღოთ, ძირითადად თანხა რამდენიმე მიმართულებაზე იხარჯება - პირადი შემადგენლობა, ოპერაციები და შენარჩუნების ხარჯები, წვრთნები და სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე შესყიდვები. განვითარებული, ნორმალური, ფუნქციონირებადი, ეფექტიანი ჯარის მოდელს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ხარჯები დაბალანსებულია.
საქართველოში კი დღეს ხარჯების დაახლოებით 70 პროცენტი პირად შემადგენლობაზე მოდის. 2005 – 2006 წლებში იყო კლასიკური მოდელი. თუმცა 2007 წელს, ომის წინ შესყიდვების ხარჯი ძალიან გაიზარდა.
კვლევა და განვითარება არის ის კომპონენტი, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა, ჩვენ კი საერთოდ არა გვაქვს. იმ ეპოქაში როცა დამოკიდებული ვართ ტექნოლოგიებზე, ეს არის სასწრაფოდ მისახედი სფერო.
რამდენ ხანში მოხერხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში?
ანდრო ბარნოვი: იმისათვის რომ სისტემა შეიქმნას, საჭიროა ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი. დაახლოებით ხუთწლიანი პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ სისტემის ყველა კომპონენტი ჩამოყალიბედეს. 5-6 წელი საკმარისია, რომ რომ ეფექტიანობის მეტნაკლებად მისაღებ დონეზე გავიდეთ.
Share
|